"ჭონა"



მხიარული გაზაფხული    ---  „ჭონა“
ჭონა - საწესო სიმღერაა, რომელიც სრულდებოდა  გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულის  წინა კვირას.
დღევანდელ  „ჭონას“  უწინ   „მხიარულ გაზაფხულს“ უწოდებდნენ. მას იმ დროს ჭონას მნიშვნელობა ჰქონდა. მომღერლები დადიოდნენ სოფლიდან სოფელში და  მღეროდნენ, თან აგროვებდნენ არა  კვერცხებს,    არამედ  ნობათს,  რაც ოჯახში გასათხოვარი ქალის ხელიდან გამოვიდოდა.
ძველად კვერცხების აღება არ ყოფილა წესად.  ჭონას სიმღერამდე ჩამოლოცვა კი ესა ყოფილა:
არ დაგავიწყდეს, ვაჟკაცო, სატრფოი შენი გულისა;
და შენც, ოცნების წარმტაცი დამატკბობელი სულისა.
ქალო, ხომ გესმის სიმღერა,  სიმღერა გაზაფხულისა;
გამოიტანე  ნობათი,  არ იყვეს მსგავსი წუნისა!
რაც მოუმზადე სასიძოს,  იყოს ვარდისა სუნისა;
წლის თავზე ვაჟი მოგეცეს, გამძლეი საუკუნისა.

„მხიარული გაზაფხულის“  სიმღერა გაზაფხულის მოსვლას ნიშნავდა.  ადამიანის ცხოვრებაში ახალგაზრდობის ხანა სანატრელი და ლამაზია თავისი შინაარსით. ადამიანები სრულიად იცვლებიან, ხალისიანნი ხდებიან, საქმეს გულმოდგინედ , მუყაითად ეკიდებიან.  ცდილობენ ზამთრისათვის სარჩო მოიყვანონ , რათა  შემოდგომაზე დაბინავდნენ და თავის გულისსწორთან   შეხმატკბილებით შეუდგნენ ოჯახის მოწყობას.
ამ დროს ახალგაზრდა  გასათხოვარი ქალიც ამზადებს თავისი მომავალი საქმროსათვის  საჩუქრებს.   ეს საჩუქარი  წილად ხვდებოდა  იმ ჯგუფს, რომელიც ყველაზე ადრე მოულოცავდა მომავალ პატარძალს  გაზაფხულს. მეორედ და მესამედ მოსულიც არ წავიდოდა ხელცარიელი,  მაგრამ თავანკარას  ვეღარ მიიღებდა.   მომღერალთა მისვლა და მიმღერება ერთგვარი ნიშანი იყო იმისა, რომ  ქალიშვილი მზად ყოფილიყო მომავალი ბედნიერებისათვის.  ქალიშვილის გულში სიხარულის ნაპერწკალი მოედებოდა,  თუმცა იცოდა, რომ  ყველგან, სადაც მივიდოდნენ მისალოცად, მისამღერად ასეთივე სიტყვებით მიულექსავდნენ.
„ღმერთო, ააშენე ეს ოჯახი,  მიეც მშვიდობა,  დღეგრძელობა,   მარხვა სინანულისა,  აღდგომა სიხარულისა გაუთენე ამ ოჯახს“.
მომღერლები ივლიდნენ მანამ, სანამ მთელ სოფელს  არ შემოუვლიდნენ.   ასე იყო ძველად.  შემდეგ  ჩამოლოცვამ  ფერი იცვალა,  სხვადასხვა ადგილას  სხვადასხვა სიტყვას უმატებდნენ.

„მხიარული  გაზაფხულის“ კილო, სამწუხაროდ, დაკარგულია. რაკი სიმღერა „ჭონამ“ შეცვალა მხიარული გაზაფხული და ფეხი მოიკიდა, მას აქეთ გავრცელდა კიდეც. ჭონა ერთ-ერთი უძველესი სიმღერაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий