ებანი, ქნარი

         ებანი

ებანს ორი განმარტება აქვს:  სულხან-საბა მას  მხოლოდ ერთი სიტყვით განმარტავს -“დაფი“ ე.ი. დასარტყამი ინსტრუმენტი.  მეორე განმარტება  თვით“ ვეფხისტყაოსნის“   ლექსიკონებში ასეთია:  სიმებიანი საკრავი, როგორც ბარბითი,   ჩანგი,   ქნარი და სხვა. ივანე ჯავახიშვილი წერს:  მრავალი მაგალითიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ  გარკვეულ  ხანაში  ებანი და ქნარი სინონიმები ყოფილანო.
სულხან-საბას ებანი დასარტყამ საკრავად აქვს განმარტებული, ხოლო ქნარზე წერს, ჩანგი იყოო, .ი.  არა თუ სინონიმები, ერთმანეთის მსგავსნიც კი არ არიან.  მეორე მხრივ, თუ „დაბადების“ თარგმანის სამ რედაქციას დავიმოწმებთ,  ქნარი და ებანი სინონიმებია,  მაგ. ერთგანაა -  „ბობღნებითა და ებნებითა,“ ხოლო მეორეგან -   „ბობღანითა და ქნარითა.“  თუ  ებანი და ქნარი სინონიმებია , როგორ და რატომ გაჩნდა ერთი  და იგივე საკრავისთვის  ორი სხვადასხვა სახელი?
ებანი შედარებით რთული და თავისებური წყობის საკრავი იყო, რომელზედაც დაკვრა  დახელოვნებას და მომზადებას მოითხოვდა. 
 "კაცი, მეცნიერი ებნითა გალობად",  ებანი გალობისას საბანებლად  იხმარებოდა. ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ ებანი მხოლოდ  მცოდნე, დახელოვნებული და მაღალი წრის პირისათვის  უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი.
ებანი — უძველესი ქართული მრავალსიმიანი სამუსიკო საკრავი. სახელწოდება ებანი პირველად „დაბადების“ ქართულ რედაქციაში გვხვდება. როგორც ჩანს, იგი წარმართული დროიდანაა ცნობილი, რასაც აგრეთვე მოწმობს ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი სანახაობათა წინააღმდეგ მიმართული კანონის ერთ-ერთი მუხლი. თავდაპირველად ებანის დანიშნულება საკრავთა მწყობრში მონაწილეობა და სიმღერა-გალობის თანხლება იყო. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ებანი, ჩანგი და ქნარი სინონიმებია. ებანი ფართოდ გავრცელდა XI-XIII საუკუნეებში. იგი ხშირად იხსენიება ლიტერატურულ წყაროებში (რუსთაველიიოანე შავთელიჩახრუხაძეარსენ ბერიბასილი ეზოსმოძღვარი).

ქნარი

ქნარი , ისევე როგორც სომხური  ,,ქნარ,’’ ცხადია უცხო სიტყვაა, - წერს ივანე ჯავახიშვილი ის   ებრაულ  ქინორსა და ბერძნულ კინჯრასთან  არის  დაკავშირებული.  ბერძნული ქინორის მოყვანილობის  შესახებ  ორი მოსაზრება არსებობს:  ზოგი ფიქრობს, რომ ლირის მსგავსი საკრავია, ზოგს ჰგონია, რომ სამკუთხედის მსგავსი მოყვანილობის სიმებიანი საკრავი იყო,   ბერძნული  საფსალმუნოს მსგავსი.   ქინორი ხელში დასაჭერი,  მხიარულად მჟღერი   საკრავი ყოფილა,   რომლის დაკვრა გლოვის დროს არ შეიძლებოდა.   სულხან-საბას განმარტებით, ქნარი იგივე ჩანგი იყო, ხოლო ჩანგი კი,  მისი სიტყვებით,   მოდრეკილი  საკრავი ყოფილა.
ამგვარად თუ დღემდე  ძველი ქართული ქნარის შესახებ მხოლოდ ზოგიერთი სურათის და  ლიტერატურული წყაროებით გვიხდებოდა მსჯელობა, გვაქვს ქნარის ნივთიერი გამოსახულება, რომელიც ძ.წ.  მე-5 საუკუნით  თარიღდება.  XII საუკუნის ვერცხლის თასზე ქნარის გამოსახულება და XIII საუკუნის მინიატურა "წმ. დავითი  უკრავს ქნარს".
ებანი- ამ საკრავის  ქართულ სახელად უნდა მივიჩნიოთ.  თვით საკრავი  ქართული  იყო თუ არა თავდაპირველად, ეს ჯერ არაა გამოკვეთილი,  მაგრამ მისი ებრაული ქინორის შესატყვისად  მიჩნევა და გამოყენება   უფლებას გვაძლევს  ვიფიქროთ,  რომ  ებანიც გალობა -სიმღერის შებანებისათვის   განკუთვნილი საკრავი ყოფილა, რომელიც ძალებიან საკრავთა ჯგუფს ჰკუთვნებია.
ებანი „ვეფხისტყაოსანშიც“ არის დასახელებული. მაგალითად,  ფატმანის სიტყვით,  ქალაქ გულანშარში ახალი  წლის დღეს, ნავროზობის დღეს, წესად ჰქონიათ
„ათ დღემდის ისმის ყოველგან,  ხმა წინწილისა და ებნისა.“

მაშასადამე,  ებანი საქართველოში  XII-XIII  საუკუნეებშიც კარგად ცნობილი საკრავი ყოფილა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий