"ნეტავი, გოგოვ, მე და შენ"


ბატონი  ამილახვრის  ოჯახი მრავალრიცხოვანი იყო. ბატონის კარ-მოდამო სავსე იყო მსახურებით.  მათში გულკეთილობითა და ჭკუამახვილობით გამოირჩეოდა  ერთი შუახნის ქალი, ელისო. იგი  თავადის შვილების აღმზრდელი იყო. ეს ქალი ისეთ ნანინას მთქმელი იყო, რომ  ადამიანი ყურს ვერ მოაშორებდა. ზღაპარს ისე ტკბილად მოყვებოდა,  რომ სულ გინდოდა გესმინა. 
ერთხელ ობოლი გოგონა მოიყვანეს  და ელისოს ჩააბარეს.  თავადის ნებართვით ობოლი ტასია თავადის კარზე დარჩა. სწავლაში ნიჭით გამოირჩეოდა,  ხელსაქმეც ყველანაირი  შეისწავლა, კარგი ხასიათიც დაუდგა, ერთი სიტყვით, ოჯახის  თვალი გახდა. სოფლის ახალგაზრდობა სულ  მასზე ოცნებობდა.  ტასიაზე  ლექსიც  გამოთქვეს:
ამილახვრიანთ ტასია,
მართლაც ბაჯაღლოს ფასია;
მისის წამყვანი ვაჟკაცი,
ერთ სოფლად შენაფასია.
გვერდით   სოფელში ცხოვრობდა  ერთი ყმაწვილი კაცი,  დედისერთა,  შეძლებული ოჯახიდან ყოფილა. ეს ბიჭი  კარგი სიტყვა-პასუხისა იყო,  სიდარბაისლითა და ჭკუამახვილობით სოფელში პირველი ყოფილა, მშრომელი, პურმარილის მოყვარული.  სწორედ მას მოსწონებია და ძალზე შეჰყვარებია ჩვენი ტასო.  კნეინას რომ შეუტყვია,  ასე უთქვამს:  „ მამა უცხონდა,  ჩემი ლამაზი მოახლე  არ მივათხოვო,  იმის ფასს რას გადამიხდისო“.  ეს ამბავი  ბიჭის ყურამდე მისულა. რაკი გაუგია კნეინას აზრი, გასცლია სოფელს და  წასულა ქალაქში.  ამასობაში ტასია გაუთხოვებიათ.   
ერთი წლის შემდეგ დაბრუნებულა  ბიჭი,  რომ გაუგია  ტასიას ამბავი,  აუღია  ფანდური და ნაღვლიანად დაუმღერებია:
ნეტავი, ტასო, მე და შენ,
ყანები მოგვცა ზიარი,
შიგ სამარგელი გინდ იყოს,

ნაპირი მისცა ტყიანი.

Комментариев нет:

Отправить комментарий