ერთი სოფლის ბატონს
ჰყოლია ყმა ისაკა. ისაკა გამოირჩეოდა მიმზიდველი გარეგნობით, საუკეთესო ყოფაქცევითა და კარგი ხმით. მშვენივრად სცოდნია ფანდურზე დაკვრა. ბოლოს ჭიდაობაშიც გაუთქვამს სახელი.
ბატონი ძალზე ავი
ყოფილა და გლეხის შეუბრალებელი. ხან ერთი გლეხის
უბანს დაერეოდა და ააწიოკებდა, ხან მეორის.
სწორედ მისი ბრალი იყო, რომ სოფლიდან
რამდენიმე გლეხის ოჯახი სხვა სოფელს
შეეკედლა.
როცა ისაკა დავაჟკაცდა, ბატონმა გული აიცრუა მასზე, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, თანაც ვერ თმობდა მის მოცილებას.
ბატონთან მოსული სტუმრები ისაკას მოიკითხავდნენ, რათა ფანდურზე
დაკვრა -დამღერებით დამტკბარიყვნენ ან, თუ სადმე
გამოჩნდებოდა კარგი მოჭიდავე , მაშინვე ისაკას წაიყვანდნენ ფალავანთან.
ერთხელ დღესასწაულზე
მლოცველები მოსულიყვნენ, გაიმართა ლხინი, ჯირითი,
ერთ ადგილას ჭიდაობა გაეჩაღებინათ.
ისაკას დანახვაზე ყველანი გაოცებულან მისი ახოვანი, დევისებური შეხედულებით. ხალხი აჟრიამულდა - სად არის ნონე, ოსი მოჭიდავეო! ამის თქმა და ნონეც იქვე გაჩნდა, მართლაც საქები იყო ნონეც. ნონეს
გარშემო მაჩაბლები შეგროვდნენ, ისაკას მხარეს - ბატონის გვარეულობა და მოკეთენი. გაჩაღდა ზურნის ჭყივილი.
ხალხი უხმოდ ელოდა ორივე მოჭიდავის ბედსა და ყისმათს. პირველი ნონე გავიდა შუა წრეში და გულხელდაკრეფილი გაჩერდა, მეორე მხრიდან ისაკა თავისებური
სიდინჯით არღვევდა წრეს. შემოუბღვირა ოსმა
ნონემ ისაკას, ისაკამ ლექსად გასძახა:
რას
მიბღვერი, ნონეო,
მოდი,
ამეწონეო;
ტრაბახს თავი ანებე,
წვერელს
გამიგონეო!
ნონეს ეწყინა ისაკას
გალექსვა და ქორივით ეცა მოპირდაპირეს, მაგრამ ისაკას ძვრა ვერ უყო. კიდევ შეუტია ნონემ,
ისაკა ფესვებგადგმულ მუხასავით იდგა უძრავად. ოსმა რომ მესამე იერიში მიიტანა, ისაკამ ისეთი მოგვერდი
ჰკრა , ისე წამოიღო, რომ ნონე ოსმა ზღართანი გაადინა, ორივე ფრთით დაეცა მიწაზე და გაშეშდა კიდეც. ისეთი ყიჟინა ატყდა, ყურთასმენა
აღარ იყო. ნონე როგორც იყო, მოასულიერეს და
რატრატით გაიყვანეს წრიდან.
ისაკას ბატონი მთლად
შეიცვალა, თითქოს მოლბა, დაუძახა ისაკას და
გადაეხვია, ჩაუდო ხელში ათთუმნიანი და ხმამაღლა
უბრძანა : -დღეიდან გამითავისუფლებიხარ ყმობიდანაო. იმ დღიდან ისაკა თავისუფალი გლეხი გახდა, ბევრ თავადაზნაურს არ მოეწონა ეს ამბავი.
ისაკა ოჯახს მოეკიდა, სოფელში პირველი კაცი გახდა, მაგრამ მოხუცი ბატონი რომ გარდაიცვალა, მისი საქმეც
უკუღმა წავიდა.
ბატონს ჰყავდა ერთი
ვაჟი , მასზე უფრო უსამართლო. მას ღვთისაგან
წყეულს ეძახდნენ, ისაკას კრიჭაში ჩაუდგა, მოსვენებას
არ აძლევდა: ყმობიდან არ გათავისუფლებ, ყმა იყავ და ყმა დარჩებიო, რაც მამაჩემმა
სახნავ-სათესი მოგცა, უკან დამიბრუნეო. ისაკა ხმას არ იღებდა, ბოღმას
გულში იკლავდა.
ერთ დღეს უკვე ხანში შესულ ისაკას თავის ვენახში
ბატონი მიეჭრა და სეტყვასავით დაუშენია
მათრახი. ისაკას თვალი ცრემლით აევსო და ბატონს
მიულექსა:
ბერიკაცი
ვარ, ნუ მომკლავ,
ყველა
დაგიწყებს გმობასა,
სადაც
რომ შემოგეყრები,
გეტყვის
შვილსა და ძმობასა.
ათასად
გვარი დაფასდა,
ათიათასად
ზრდილობა,
თუ
კაცი კაცად არ ვარგა,
ცუდია გვარიშვილობა.
ნუ
მიზამ საქმეს საფლიდოს,
მოდი
საფლავი ნახეო,
შეამკე
ია-ვარდებით,
დაჯექ
და ივაგლახეო.
თორემ
ეს დღე შენც მოგელის,
იმას
მოიმკი, რაც თესე,
ამიტომ
გიჯობს ახლავე
საღი
მარცვალი დასთესე.
Комментариев нет:
Отправить комментарий