"შაშვი კოკობი"



პირველი ჩანაწერი საქართველოს რესპუბლიკაში, ასრულებს ფოლკლორული და თბილისის საეკლესიო გუნდი, რეჟისორი მიხეილ კავსაძე. ჩაწერილია   1914 წელს. 

ალბათ, გაგონილი  გექნებათ სოფელი შაშვეთი და კაკაბეთი.  ამ სოფლის  მცხოვრებთ  ხმელი მჭადი და წყალი რომ ქონოდათ, უსიმღეროდ არ  მიირთმევდნენ, ისე ჰყვარებიათ სიმღერა. სოფელ კაკაბეთში ცხოვრობდა  - თედო, „კისერად“ წოდებული,  შაშვეთში  - დარისპანი. ეს ორი მომღერალი სადაც კი  შეხვდებოდა ერთმანეთს,   პატარა სუფრაც კი დიდ ლხინად გადაიქცეოდა.
გორის მაზრაში ყველას სცოდნია ამათი ამხანაგობა. მედუქნესთან ყელის ჩასაკოკლოზინებლად რომ  შევიდოდნენ, შემოსძახებდნენ სიმღერას.  როცა მათი შემოძახილი, მეტადრე დარისპანის  ხმა, ისმოდა  გარეთ, მშიერი თუ მაძღარი, დიდი თუ პატარა, გამვლელი თუ გამომვლელი - ყველა დუქანს მიაშურებდა. 
დარისპანსა და თედოს  მედუქნე დანახარჯს არამც თუ ახდევინებდა, არამედ თვითონ უგროვებდა  პატარა ფინიას საშუალებით,  რომელიც ისე ჰყავდა დაგეშილი, რომ, როცა პატრონი უბრძანებდა,  ფინია სასაცილოდ ორ ფეხზე დატრიალდებოდა  და შემოუვლიდა ყველას, ვინც იმ დროს დუქანში ქეიფობდა.  ფინიას  „ლეკური“  მოქეიფეებს ძალინ ახალისებდა.  მედუქნე ძაღლს პატარა ქუდს ჩაუდებდა პირში და ჩამოუვლიდა  მოქეიფეებს, რომლებიც ფულს უგდებდნენ. მედუქნე შეგროვებულ თანხას მთლიანად  გადასცემდა  დარისპანსა და თედოს.
ამ ორ მომღერალს საქვეყნოდ გაუვარდა სახელი.  მათ   ბატონებს ერთმანეთშიც კი მოსვლიათ   კინკლაობა.  წარმოიდგინეთ, სოფლებშიც კი ატეხილა ჩოჩქოლი.  შაშვეთელი და კაკაბეთელი გლეხები ერთმანეთს ისე არ გაუშვებდნენ, რომ არ ექოთ თავისი  სოფლის  მომღერალი.
ვერ იცნობ ჩვენს დარისპანსა,
ვერც აუღებთ ალღოს ხმასა;
თედო იმასთან რას მივა,
ტრაბახით რომ იმტვრევს თავსა.
კაკაბეთელები პასუხობდნენ:
რას აქებთ თქვენს დარისპანსა,
ერთი შეხედეთ, რას გავსო;
თედოსთან ის ბარტყი არის,
როცა სხედან სუფრის თავსა.
ერთხელ  მზის დაბნელება ყოფილა.  ორი მომღერლის ბატონები  შეხვდნენ  და ერთმანეთს გადარჩენა მიულოცეს.  შემდეგ სუფრა გაუშლიათ და თედო და დარისპანიც მოუყვანია.  გაშლილა სუფრა,  მასპინძელი წამომდგარა დიდი ყანწით ხელში  და უდღეგრძელებია ორივე მომღერალი. სტუმრებს გაუკვირდათ, რომ მასპინძელმა  პირველად   ვიღაც  მომღერალი გლეხები ადღეგრძელა.  მათ კი შემოსძახეს სუფრული, სტუმრებმაც ბანი მისცეს. გარშემო ხალხმა მოიყარა თავი, ზოგს ზურნაზე დაკვრა შეუჩერებია, ამ ორი მომღერლის  დალოცვილი ხმა მალამოსავით მოედო იქაურობას. ლხინი დიდხანს გაგრძელებულა.  დარისპანი მიუხმია თავის  ბატონს  და უთქვამს:  „ამაღამ მოისვენე, ხვალ უფრო დაიღლები სიმღერითო“.  თედომ კი მთელი ღამე სიმღერაში გაატარა.
მეორე დღეს ისევ გაგრძელდა მოლხენა,  ,,მაყრული’’, ,,სუფრული’’ და სხვადსხვა სახის  ქართული სიმღერა ერთმანეთს ცვლიდა.  დარისპანმა დაიწყო სიმღერა, მაგრამ თედო  ვეღარ აჰყვა, ხმა ეხლიჩებოდა ყელში.  ბევრჯერ სცადა ხმის გამოკეთება, მაგრამ ამაოდ. ბოლოს ცრემლმორეულს  ბოდიში მოუხდია და სუფრა დაუტოვებია.   რამდენიმე დღის შემდეგ თედო მოუკითხავთ, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნეს.   ჩავარდნენ საგონებელში, მის მოსაძებნად მთელი გლეხკაცობა შეიყარა, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნეს.  ამ შემთხვევის შემდეგ  მისმა მეგობარმა დარისპანმა  სიმღერა აკრძალა,  სიკვდილამდე ხმა არ ამოუღია. როცა სუფრაზე იჯდა, პირველ ღვინით სავსე  ჯამში პურს დაასველებდა და შესანდობარს იტყოდა.
სოფლელებმა   ლექსი გამოუთქვეს მომღერლებს და სიმღერაც შეუწყვეს:
შაშვი-კაკაბი შეიბნენ,
ომი ქონდათ მეტად ძნელი,
ფრინველთ მეფე ჩაერია,
რადგან იყვნენ გასაშველნი!
დილა იყო მშვენიერი,
მოწმენდილი და მზიანი;
არწივმა ბულბულს დაუთმო,
სიტყვა გაქვს თავაზიანი;
კაკაბი მაინც ეცადა,
დიდგულობს და იდებს თავსა,
გაშველება მეტი იყო,
შაშვმა აჯობა კაკაბსა.








Комментариев нет:

Отправить комментарий